Client
United Nations Industrial Development Organization (UNIDO)EU4Environment არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრად განვითარებას, მწვანე პოლიტიკისა და ბიზნესპრაქტიკების დანერგვის გზით. პროგრამას ახორციელებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და მსოფლიო ბანკი.
პროგრამა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, ახდენს მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებას და მხარს უჭერს გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების მართვის მექანიზმების დანერგვას პარტნიორ ქვეყნებში. ამრიგად, იგი ქვეყნებს ეხმარება ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
პროგრამის ფარგლებში, UNIDO ორიენტირებულია მდგრადი წარმოებისა და საწარმოო პრაქტიკის ხელშეწყობაზე, მათ შორის, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალისა (PEF) და სასიცოცხლო ციკლის შეფასების (LCA) მეთოდოლოგიების დანერგვაზე, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ადგილობრივი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე მათ წვდომას.
ევროკავშირის მიერ გარემოსდაცვითი ეფექტიანობის მოთხოვნების ეტაპობრივი დანერგვის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მწარმოებლები საჭიროებენ სანდო მეთოდებს თავიანთი პროდუქტების მდგრადობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.
საქართველოში PEF და LCA მეთოდოლოგიების შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია და ბევრ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი ტექნიკური ცოდნა და მონაცემები საკუთარი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესაფასებლად.
ამავდროულად, ბიზნესებს, განსაკუთრებით კი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს, კარგად ესმით, რომ მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებისა და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
საქართველოში Civitta-მ განახორციელა PEF-ის საპილოტე პროგრამა, რომელიც ფარავდა პოლიტიკის შემუშავებას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ცნობიერების ამაღლებას და PEF მეთოდოლოგიის დანერგვას.
პროექტი დაიწყო ქვეყანაში მდგრადი წარმოების, მწვანე პროდუქტებისა და PEF-ის მეთოდოლოგიის დანერგვის მზაობის შეფასებით.
აღნიშნულ პროცესში, გუნდმა მოახდინა ეკო-ეტიკეტირების (eco-labelling) და მწვანე პროდუქტების ინიციატივების მიმოხილვა, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზი, ძირითადი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება. შედეგად, მომზადდა საქართველოს მზაობის ანგარიში (Readiness Report) და PEF-ის დანერგვის გზამკვლევის სამუშაო ვერსია.
PEF მეთოდოლოგიის ფართოდ დანერგვის ხელშესაწყობად, Civitta-მ განახორციელა საკომუნიკაციო კამპანია, მოამზადა საინფორმაციო მასალები ბიზნესებისათვის, ექსპერტებისა და საჯარო უწყებებისათვის, უზრუნველყო პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა და ჩაატარა ღონისძიება დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ასამაღლებლად.
Civitta-მ ითანამშრომლა ხუთ ქართულ კომპანიასთან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და რძის პროდუქტების სექტორებიდან. თანამშრომლობის მიზანი იყო კომპანიების მხარდაჭერა PEF და LCA მეთოდოლოგიების დანერგვაში.
მონაწილე კომპანიებთან ერთად, Civitta-ს გუნდმა გააანალიზა პროდუქტების სრული სასიცოცხლო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოპოვებითა და წარმოებით, დამთავრებული დისტრიბუციითა და ნარჩენების მართვით. ანალიზის შედეგად, გუნდმა გამოავლინა გაუმჯობესების შესაძლებლობები.
პროგრამა ასევე მოიცავდა ექსპერტებისა და კომპანიების წარმომადგენლების გადამზადებას, PEF შეფასებების განხორციელებას, მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სიტუაციური ანალიზების მომზადებას და დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის ასახვას ეროვნულ გზამკვლევში.
ტექნიკური შეფასებების გარდა, ინიციატივამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გარემოსდაცვითი კვალის შეფასების მეთოდოლოგიების მიმართულებით ადგილობრივი ექსპერტების გაძლიერებას, მდგრადი წარმოების პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართული კომპანიების მომზადებას, რათა მდგრადობა გახდეს კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების ინსტრუმენტი.

პროექტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებული PEF მეთოდოლოგია წარმატებით დაინერგა შერჩეულ ქართულ საწარმოებში და მისი პრაქტიკული ღირებულება რეალური მაგალითებით დადასტურდა.
მონაწილე კომპანიებმა უკეთ გაიაზრეს მათი პროდუქტების ზემოქმედება გარემოზე და გამოავლინეს რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების, გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და წარმოების პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები.
საპილოტე პროექტებმა გააძლიერა კომპანიების მზაობა მდგრადობის კუთხით ევროკავშირის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისევე, როგორც გარემოსდაცვითი მონაცემების მისაწოდებლად.
კომპანიებმა აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა და საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც მდგრადობა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს მეტი თავდაჯერებულობით გეგმავენ.
პროგრამამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა საქართველოში PEF-ის ფართო დანერგვისათვის. მან ხელი შეუწყო ბიზნესების, საჯარო ინსტიტუტებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას მდგრადი წარმოებისა და ეკო-ეტიკეტირების საკითხებზე, ექსპერტების გადამზადებით, მან გააძლიერა ადგილობრივი ტექნიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყო PEF-ის ეროვნული ეკოსისტემის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა საქართველოს მზაობის ანგარიში და გზამკვლევი, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის შემუშავების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების რეკომენდაციებს, ისევე როგორც მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია PEF-ის დანერგვისა და ქართველი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
მონაწილეთა უკუკავშირი:
ეკოლოგია ჩვენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და გვჯერა, რომ PEF-ის საპილოტე პროექტში მონაწილეობა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. დღეს ადამიანები არაერთი გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე დგანან და ჩვენი კომპანია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მათ გადაჭრაში. ჩვენ ერთგულნი ვართ გარემოზე პოზიტიური ზემოქმედებისადმი.
დარეჯან კანთელაძე, შპს „სანტა“
ამ პროექტში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ჩვენი სუსტი მხარეები და დავნერგოთ მდგრადი პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ერთგულებას მაღალი ხარისხისადმი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სრულად არ ვაცნობიერებდით PEF-ის მნიშვნელობას ბიზნესისათვის, დღეს გვჯერა, რომ შესაბამისი სერტიფიცირების მიღება საშუალებას მოგვცემს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი პროდუქტით კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ.
ეკატერინე დოჯურიშვილი, „მართა ბებოს დამბალხაჭო“